logo
ENG



სასწრაფოს წარმომადგენლები: გამოძახებაზე შესაძლოა სრული ეკიპირების გარეშე მივიდეთ

05 მაი 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდა. ტიკარაძემ შეხვედრა ექიმებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ გამორიცხულია მათი როლი არ დავინახოთ. ტიკარაძე შეხვედრაზე ასევე  მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექიმებს გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი, რომელიც მსოფლიო პრაქტიკასა და ჯანმოს რეკომენდაციებს ეფუძნება.

სასწრაფო ექიმების განცხადებით, გამოძახებებზე ისინი სრულად აღჭურვილი მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც პაციენტი მათ კორონავირუსის სიმპტომებს ეუბნება, ხოლო იმ შემხვევაში თუ პაციენტები ვირუსის სიმპტომებს მალავენ ისინი გამოძახებაზე არასრული აღჭურვილობით მიდიან.

ეკიპირების გარეშე შესაძლოა მივიდეთ პაციენტთან, როდესაც ისინი მალავენ სიმპტომებს. სრული ეკიპირება მაშინ გვაცვია, როცა პაციენტი განაცხადებს რომ სიმპტომები აქვს, ისე თავდაცვის მიზნით გვაცვია ერთჯერადი ხალათები, პირბადე, სათვალეები. საკმარისი არ არის უმჯობესია სრული ეკიპირებით მოხდეს პაციენტთან კონტაქტი, მაგრამ როცა პაციენტები მალავენ სხვა გზა არ გვაქვს,-აცხადებს საასწრაფო ექიმების წარმომადგენელი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სასწრაფოს ექიმების კორონავირუსით დაინფიცირება გამოძახებებს არ უკავშირდება და მათ ვირუსი პაციენტისგან არ გადასდებიათ.

„რაც შეეხება იმას თუ რატომ ხდება სასწრაფოს თანამშრომლების შემთხვევაში ინფიცირება, ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა წყარო იყო, ეს იყო ეროვნული ბანკის კლასტერიდან წამოსული წყარო. ამ შემთხვევაში პაციენტიდან ჩვენი სასწრაფოს თანამშრომელი არ დაინფიცირებულა, გამოძახებას არ უკავშირდება“,-განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან სამედიცინო სფეროს 77 თანამშრომლებს დაუდასტურდათ ვირუსი, მათ შორის არიან, როგორც სასწრაფო დახმარების ექიმები, ისე კლინიკის ექიმები, ექთნები და სანიტრები.

 ქვეყანაში მედიკოსების ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც გამოეხმაურა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში მედიკოსების ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გაბუნიას თქმით, ეს ძირითად უკავშირდება ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს.

 


close დახურვა