logo
ENG



საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაი 202015:22
3 წუთის საკითხავი
clock 424
pp7ztnycggd52u3.jpg

 

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი შემუშავდა.

რეკომენდაციის თანახმად, შეკრების ან შეჯიბრების დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14- დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია  ნორმების სრული დაცვით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების შესაბამისად.

პროტოკოლის მიხედვით, შეკრებაზე და შეჯიბრებაზე უნდა დაიშვნენ მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირები.

პროტოკოლში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ  უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობა. შეკრების ან შეჯიბრების პერიოდში იკრძალება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ადგილების გარდა, სხვაგან გადაადგილება. დადგენილ ტერიტორიებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა.

რეკმენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ სპორტსმენებსა და  პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი. ცხელების დაფიქსირების შემთხვევა უნდა აღირიცხოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112.

 

 

 


close დახურვა