logo
ENG



საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

07 აპრ 202018:01
3 წუთის საკითხავი
clock 2171

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

საუბარია 86 წლის ქალბატონზე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

„ეს გარდაუვალი იყო. ჩემს გამოსვლებში მუდმივად ვამბობდი, რომ ყოველთვის 0-ს ვერ შევინარჩუნებდით სიკვდილობის გრაფაში. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს იყო ჩვენთან. ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ იყო 86 წლის, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, მძიმე ორმხრივი პნევმონია და პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრტელი ფილტვის ქსოვილი. ასევე ჰქონდა სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა რეანიმაციაში, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ინფექციურ საავამდყოფოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

„მინდა გითხართ, რომ სულ საქართველოში ამ მომენტისთვის დაფიქსირებულია 195 შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა მხოლოდ 3 პაციენტი და გაჯანმრთელდა 45 პაციენტი. მათგან 35 პაციენტი გაჯანმრთელდა ჩვენს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი სხვა კლინიკებში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 195 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი.  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 45 ადამიანი. ჯამში ვირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 


close დახურვა