"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქვეყანაში არსებულ კორუფციულ ნიშნებთან დაკავშირებით ვრცელ დასკვნას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში სახეზეა არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოს შტოებს შორის ბალანსს ძირს უთხრის. TI-მ დასკვნა ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში მოამზადა.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ სახელმწიფოს მიტაცების ძალიან მკაფიო ნიშნებს. სახელმწიფოს მიტაცება არის კორუფციის კონკრეტული ფორმა, რა დროსაც კონკრეტული მაღალჩინოსნები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას, ისე რომ, ფაქტიურად ამ პროცესში კვეთს ყველა წითელ ხარჯს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოში ვხედავთ, რომ მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება, ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ვხედავთ ასევე იმას, რომ სასამართლოში არის გაძლიერებული მოსამართლეთა კლანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს მმართველი პარტია. მეორეს მხრივ საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარე პროცესებს ვხედავთ. ვხედავთ, რომ გენერალური პროკურორი არის ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი. გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები“, - განაცხადა გიგაურმა.
დასკვნაში გამოთქმულ კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანაში უამრავი რეფორმა ჩატარდა, მათ შორის სასამართლო სისტემაში. მმართველი გუნდის წარმომადგენელს მაგალითად ისევ "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა მოჰყავს.
„მინდა ვუპასუხო იმ ადამიანების მოსაზრებებს და იმ ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუციების ფუნქციონირება არ არის დამაკმაყოფილებელი და ვინც ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია აქვს ვინმეს. მინდა მათ პირდაპირ ვუპასუხო. გვახსოვს პარლამენტი, რომელიც იყო მდუმარე თანხმობაში მთავრობასთან. ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია, შევცვალეთ რეგლამენტი. პრემიერი მოდის პარლამენტში რეგულარულად, არის ანგარიშვალდებული ჩვენს წინაშე. მინისტრები „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოდიან საკანონმდებლო ორგანოში. სასამართლო წინა ხელისუფლების პირობებში, 80% გადაწყვეტილებების მიიღებოდა ხელისუფლების და სახელმწიფო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. იყო მოქალაქე მართალი თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დღეს დახეთ სასამართლოს სამუშაო სტატისტიკა, რომელიც არ არის არც ჩემი და არც კონკრეტული მოსამართლის დაწერილი. სასამართლოს რეფორმებს ჩვენ ვაგრძელებთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.