logo
ENG



სექტემბრიდან პარტიების ფინანსებს აუდიტის ნაცვლად, ანტიკორუფციულ ბიურო გააკონტროლებს

29 აგვ 202314:27
3 წუთის საკითხავი
 

სექტემბრიდან პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია აუდიტის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. კერძოდ, პარტიები ვალდებული იქნებიან, შემოსავლები და ხარჯები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ - ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამას "ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად" აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიურო მთავრობასა და პირადად, ირაკლი ღარიბაშვილს ექვემდებარება.

"ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა - არამარტო შექმნილიყო ცალკე სამსახური, არამედ ფუნქციების თავმოყრაც მომხდარიყო და ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია არის სწორედ პარტიების ფინანსების კონტროლის.

სწორედ ამის გამო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადავიდა ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან, ანტიკორუფციულ სამსახურში. ანუ, ეს ფუნქცია აღარ იქნება აუდიტის სამსახურში და გადავა ანტიკორუფციულ სამსახურში", - განაცხადა მან.

როგორც დადგენილებაში წერია, ეს ბრძანება ამოქმედდება 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენი კუპრაშვილია. ქართულმა ოცნებამ ბიურო 2022 წელს შექმნა. 13 აპრილს მმართველმა პარტიამ მიიღო ცვლილებები კანონპროექტში, რომლის თანახმადაც, ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრავს.


close დახურვა