logo
ENG



სილამაზის სალონები გაიხსნა - რეგულაციებმა მომხმარებელთა რაოდენობა შეამცირა

18 მაი 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. დღეიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ესთეტიკური ცენტრები და სალონები თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული, რომელიც როგორც ცენტრებში მომუშავე ადამიანებმა ისე მომხმარებლებმა უნდა დაიცვან. ასევე დღეიდან მოიხსნა სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის უფლების შეზღუდვაც, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილით გადაადგილებას. 

მუშაობას ვერ განაახლებენ მხოლოდ ის სილამაზის სალონები, რომლებიც დიდ სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში იყო გახსნილი.

ერთ-ერთი სილამაზის სალონის წარმომადგენელმა „ფორმულას“ მოქალაქეთა მიღების პროცედურები განუმარტა.

„პირველ რიგში, რაც აუცილებელია, დეზობარიერი უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ ვიწერთ თქვენს პირად ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გავდივართ თერმოსკრინინგს. სავალდებულოა ბახილის გამოყენება. პირბადე უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მომხმარებელს. ხელი უნდა დაიმუშაოთ ანტისეპტიკით და ხელთათმანს მოგაწვდით“, - განაცხადა სალონის წარმომადგენელმა.

ერთ-ერთი სტილისტი კი აცხადებს, რომ რეგულაციების გამო, მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო.

„მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ძალიან მკაცრად ვიცავთ წესს. მომხმარებლიდან მომხმარებლამდე ყველაფერი ირეცხება, დეზინფექცია უტარდება ყველაფერს. აუცილებლად ხდება წინასწარი ჩაწერით, რადგან შემდეგი მომხმარებლის დალოდებაც კი არ შეიძლება. ჯერჯერობით ეს არ გაგვიგვლია, მაგრამ თუ გაიზრდება უკვე მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ შეძლებენ გადახდას“, - განაცხადა სტილისტმა. 

მოქალაქეების დიდი ნაწილი ელოდება სტომატოლოგიური კლინიკების გახსნას. როგორც „ფორმულას“ სტომატოლოგთა ასოციაციაში განუცხადეს, უკვე დაწყებულია პროცედურები და რეგულირების სააგენტოს ცალკეული კლინიკები მიმართავენ მუშაობის განახლებისთვის. სააგენტო  კი განიხილავს ინდივიდუალურად ამა თუ იმ კლინიკას და აძლევს მუშაობის საშუალებას.

სტომატოლოგთა ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ რეგულაციებმა დამატებითი ხარჯები გამოიწვია, რაც მომსახურების ფასებზეც აისახება. სტომატოლოგთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მუშაობის განახლების შემდეგ მომხმარებელთათვის ფასები 20-დან 70-ლარამდე გაიზარდება.


close დახურვა