logo
ENG



სომხეთის თავდაცვის უწყება: განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი და 370-ზე მეტი სამხედრო

28 სექ 202023:29
3 წუთის საკითხავი
 
an6c7fpobsncqmv.jpeg

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა არაქსის ხეობაში ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელი არცუნ ოვანესიანი ფეისბუქზე წერს. იგი აღნიშნავს, რომ ყარაბაღის თავდაცვის ე.წ. არმიამ წარმატებით მოიგერია ყველა შეტევა, მოწინააღმდეგემ კი მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა.

"ამ მომენტისთვის განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი და 370-ზე მეტი სამხედრო. მოწინააღმდეგეს უფრო მეტი დაჭრილი ჰყავს", - წერს არცრუნ ოვანესიანი.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ, 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.

 


close დახურვა