ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სონღულაშვილი 2 წელში ვადამდელ არჩევნებზე ანდრიუს კუბილიუსის შეთავაზებას აფასებს და ამბობს, რომ ეს "მისეული ხედვაა", რასაც არ ეთანხმებიან. ფორმულანიუსის ცნობით, მმართველი პარტიიდან სწორედ დავით სონღულაშვილსა და მაკა ბოჭორიშვილს ჰქონდათ კომუნიკაცია კუბილიუსთან.
მხარეების საუბარი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შედგა. ისინი აცხადებენ, რომ 2 წელში პოზიციას არ შეიცვლიან და ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.
"ეს არის მისეული ხედვა და ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც შეიძლება, გამოსავლად აღიქვამდეს. ჩვენთვის ცალსახად არ არის გამოსავალი. ეს არის გუნდის პოზიცია და ეს მოლაპარაკებების დროსაც არის გაჟღერებული. ვადამდელი არჩევნები არ იქნება ცალსახად", - ამბობს სონღულაშვილი ფორმულასთან საუბარში.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მხარეებს ვადამდელი არჩევნების გადადების საკითხის შეთანხმებაში შეტანას სთავაზობს.
ფორმულასთან ინტერვიუში იგი მმართველ ძალას სერბული მაგალითის განხილვას ურჩევს და ამბობს, რომ არსებული სიტუაცია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი იქნება.
"ჩემი შეთავაზებაა, შეიტანონ შეთანხმებაში არჩევნების გადადების საკითხი მომავალი წლისთვის და დაუბრუნდნენ მის განხილვას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
ვურჩევდი მმართველ პარტიას, განიხილოს სერბული მაგალითი, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებსა და პარლამენტს. რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ გადაწყვიტა რომ სერბეთისთვის და მისი ინტეგრაციისთვის კარგი იქნებოდა არჩევნების არა 4, არამედ 2 წლის შემდეგ ჩატარება", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.
ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
11 დეკემბერს გამართულ პარლამენტის გახსნით სხდომაზე დარბაზში მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებოდნენ.