logo
ENG



ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესი, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციას

26 ოქტ 202110:36
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სავალდებულო აცრებს "ნეგატიური პროცესები მოჰყვება და პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს". 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ", - ამბობს ტიკარაძე.

24 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ნოემბრიდან პროფესიულ ჯგუფებში აცრის სავალდებულობასთან დაკავშირებით შესაძლო ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთლიანი მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად განიხილება არაპირდაპირი დავალდებულების პრინციპის დანერგვა, რაც არავაქცინირებული ადამიანებისთვის მომსახურეობების ნაწილთან წვდომის შეზღუდვაში გამოიხატება. 

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას "არ დაუშვებს"

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 927 აცრა ჩატარდა. დღეს, 26 ოქტომბერს 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა.  


close დახურვა