უმწვავესი კრიზისისა და ფანკლუბის წევრების შიმშილობის ზღვარზეა „ტორპედო“. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების გარეშე დარჩეს. ქუთაისის „ტორპედო" ყოფილმა მფლობელმა ფინანსური პრობლემების გამო დატოვა და ახლა კლუბი ინვესტორის გარეშეა. „ტორპედოში“ აცხადებენ, რომ მოძებნილია ინვესტორი, რომელიც მზადაა გუნდის შესაძენად და ამისათვის მხოლოდ ქუთაისის მერიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. მერიაში კი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებენ.
პირველ მარტს ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უნდა უმასპინძლოს და უმაღლესი ლიგის პირველი თამაში ჩაატაროს, თუმცა ვის შეხვდებიან გორიდან ჩასული ფეხბურთელები, ამ დრომდე უცნობია. მძიმე ფინანსური კრიზისისა და მერიის მხრიდან დახმარების გარეშე დარჩენილი გუნდი ფეხბურთელების უმეტესობამ დატოვა, შედეგად შეიქმნა საკადრო დეფიციტი, რის გამოც დიდი ისტორიის მქონე კლუბი უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას კარგავს.
ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ დარჩენილმა კლუბმა ინვესტორი იტალიაში მოიძია. მოლაპარაკებას პოტენციურ მყიდველთან პირადად აწარმოებენ. როგორც ირკვევა, ინვესტორი გუნდის შესაძენად მზად არის, თუმცა დასტურს ქუთაისის მუნიციპალიტეტისგან ელოდება. „ტორპედოს“ ქომაგებს ეჭვი აქვთ, რომ ქალაქის მთავრობა მოლაპარაკების პროცესს მიზანმიმართულად ფინანსური სარგებელის მისაღებად აჭიანურებს. ფიქრობენ, რომ უმაღლესი ლიგიდან გარიცხვის შემთხვევაში საფეხბურთო კლუბი უფრო დაბალ ფასად გაიყიდება.
ქუთაისის მერიაში ამტკიცებენ, რომ გუნდის გადასარჩენად ქალაქის მთავრობა, ფეხბურთის ფედერაცია და სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ, არგუმენტად კი მხოლოდ ის მოჰყავს, რომ უმაღლესი ლიგიდან გარიცხვის ვადა, რომელიც დღეს იწურებოდა, 10 დღით გადაავადა. ფაქტი კი ისაა, რომ მძიმე კრიზისი ლეგენდარულ გუნდში დღეს არ დაწყებულა. კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა კლუბი სწორედ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დატოვა. ზაალ ჩაჩავას წასვლის შემდეგ გუნდს დარჩა 3 მილიონ ნახევარი ლარი დავალიანება, აქედან სახელფასო დავალიანება 2 მილიონ 200 ათასი ლარია.
მერიის არგუმენტების არ სჯერათ ტორპედოს ფანკლუბის წევრებს და რადიკალურ ზომებს აანონსებენ. გულშემატკივრები ქალაქის მთავრობას აფრთხილებენ, რომ „ტორპედოს“ დაშლას ან უმაღლესი ლიგიდან გარიცხვას არ აპატიებენ და საარჩევნო წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ფასს გადაახდევინებენ.
თუ 10-დღიან ვადაში ინვესტორთან მოლაპარაკება გუნდის სასარგებლოდ არ დასრულდება, ფანკლუბის წევრები შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ. ქომაგები რადიკალურ ზომებზე ჯერ კიდევ ფიქრობენ და ისტორიული გუნდის გადასარჩენად პირველ ეტაპზე სოლიდარობის აქციებს მართავენ, გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში მასშტაბური კამპანია დაიწყეს, რომელშიც თავად ფეხბურთელებიც ჩაერთნენ