უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 11 მარტს კიევის ოლქში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის კოლონა ჩაცხრილეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.
"ევაკუაციის მცდელობისას კიევის ოლქში შეთანხმებული ე.წ. მწვანე კორიდორის გავლის დროს, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა ჩაცხრილეს. კოლონაში მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ. დაჭრილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. კოლონის ნაწილი, რომელიც გადარჩა, ოკუპანტების იძულებით უკან გაბრუნდა და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ადგილის დატოვებას. ამ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია მათთან კავშირზე გასვლა, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.