უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის, იური იგნატის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში უკრაინელმა დამცველებმა ირანული "შაჰედის" ტიპის დრონების 85% გაანადგურეს.
იგნატის თქმით, ადრე, უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩამოგდებული ირანული დრონების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონების ჩამოგდებას ავტომატებითაც ცდილობდნენ, მაგრამ ეს რუსული ჯარების წინააღმდეგ არაეფექტური იარაღია და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში მისი გამოყენება საშიშია.
საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ირანული "შაჰედის" ტიპის დრონებთან საბრძოლველად ეფექტურად გამოიყენება ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვა, თვითმავალი საზენიტო დანადგარები, მძიმე ტყვიამფრქვევები და ელექტრონული საომარი სისტემა.
14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.
რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.
ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.