ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების კრიტიკა გრძელდება. მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გზავნილი სულ უფრო მწვავე და მკაცრი ხდება, მმართველი გუნდის წარმომადგენლების პასუხები არ იცვლება. "ოცნებაში" ისევ ამტკიცებენ, რომ ყველა ვინც მათ აკრიტიკებს შეცდომაშია შეყვანილი.
მმართველი გუნდის ყველა წევრი ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილნი და მათ შორის არ იცნობენ არც გიგი უგულავას საქმეს.
"ცოტა ღრმად რომ ჩაიხედავენ საქართველოს შიდა პროცესებში, ნახავენ რომ საქმე გვაქვს წმინდა კორუფციულ საკითხებთან. აქ არის ის საკითხები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ინტერესების გამოყენებაზე. კარგი იქნება თუ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. დელეგაცია წასულია და მოხდება ინფორმაციის ობიექტურად მიწოდება",-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
გოგა გულორდავას მტკიცებით კი დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის პარალელურად ამერიკიდან და ევროპიდან ასევე არის გზავნილები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა გულორდავას კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია.
"მას შემდეგ უფრო დეტალებში ჩაიხედავენ, აბსოლუტურად სხვაგვარად შეხედავენ. დასავლელი პარტნიორების მხრიდან არსებობს საპირისპირო განცხადებებით და ჩვენ ეს მოვისმინეთ",-განმარტავს გოგა გულორდავა.