logo
ENG



ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს

26 დეკ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ამბობს, რომ მზად არის, 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. 

ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს საკითხზე კონსულტაციისთვის ეპატიჟება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია. 

"მე პრემიერმინისტრის სკამს არ ვარ ჩაბღაუჭებული", - დაწერა ფაშინიანმა, -"მე მზად ვარ, კვლავ გავუძღვე სომხეთის რესპუბლიკას, თუკი ასეთ რთულ დროს ხალხი ხელახალ ნდობას გამომიცხადებს". 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 

რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 25 დეკემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის ოპონენტებს და მათ მოთხოვნებს სახალხო მხარდაჭერა არ აქვს. 

"მხოლოდ ერთი გზა არსებობს ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად", - დაწერა ფაშინიანმა, -"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით". 

ხუთშაბათს გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკებების დროს 77 მოქალაქე დააკავეს, როდესაც ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის დედაქალაქში, სამთავრობო შენობასთან იკრიბებოდა. 

ოპოზიციის მხარდამჭერები ერევანში ქუჩებს კეტავენ და პერიოდულად, პოლიციასთან დაპირისპირებაში შედიან. 

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 

პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა