ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს კონტრაბანდული იარაღის შესაძლო გატარებაზე და აცხადებს, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".
"საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას", - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია:
"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა".
ამ ინფორმაციას ფორმულას ეთერში ინტერვიუსას გამოეხმაურა უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი. მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის "მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
"ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.
მე, როგორც ვიცეპრემიერმა, ადამიანმა, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ, როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით,მინდა ვიკითხო, თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?" - თქვა მან.
უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.