logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება

11 ნოე 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წყაროს ცნობით, შესაძლოა, ე.წ. ლოკდაუნი ხვალიდანაც კი ამოქმედდეს. 

სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციურ პარტიებს შაბათს, 14 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.

ამ დროისთვის, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. პოლიტიკური პარტიები პერმანენტულ აქციებს მართავენ. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პერმანენტულ აქციებს მართავენ სამოქალაქო აქტივისტებიც. პარტიების პარალელურად, მმართველ გუნდს ისინიც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

დღეს, 11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან 566 პაციენტია გარდაცვლილი.

ჯამში საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 


close დახურვა