ფორმულაში პროკურატურაა შემოსული. ჟურნალისტების სამუშაო სივრცეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ინფორმაციის დეტალებით ინტერესდება.
ფორმულა ერთ-ერთი მედიასაშუალებაა, რომელსაც სუს-ის ანგარიშების შესახებ დაუდგენელი წყაროსგან შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიუვიდა.
ამ წუთებში გამომძიებელი საინფორმაციო სამსახურის უფროსის კომპიუტერთან მუშაობს. უწყება ინტერესდება ფაილების რაოდენობითა და სხვა დეტალებით. გამომძიებლები არკვევენ, ვის და რაზე მიუწვდება ხელი მედიასაშუალებებში.
გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები ტვ პირველშიც იმყოფებოდნენ. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. მისი განცხადებით, შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ ფაილების გადაცემას სთხოვდა, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია.
სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.