logo
ENG



ფორმულაში პროკურატურის წარმომადგენლები მოდიან

17 სექ 202116:59
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია ფორმულაში აპირებენ მოსვლას. როგორც ცნობილია, საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებს ეხება. მანამდე ფორმულას ახალი ამბების სამსახურის უფროსი ნანა ინწირკველი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

"ვინაიდან ვიყავი დავალებების უშუალო გამცემი აინტერესებდათ, რა ფორმით ხდებოდა მასალების მოპოვება, მერე როგორ იღებდნენ ჟურნალისტები ამ მასალას, მერე სად იყო განთავსებული. მისაწვდომი იყო თუ არა ეს ფაილები ყველასთვის და აქვთ თუ არა საშუალება, რომ მოვიდნენ და ნახონ. აინტერესებთ, რა ვნახეთ, რა ვიცით და რა გავშიფრეთ. მათ აინტერესებთ, ჩვენ რა ვიცით", - ამბობს ნანა ინწკვირველი პროკურატურის დატოვების შემდეგ. 

ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა. 

"მნიშვნელოვანი არის რომ ეს მასალები მათაც ჰქონდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ფორმით არ მოხდება ამ მასალების ამოღება, ეს მასალები ტელევიზიაში დარჩება. ქალბატონი ნანას კომპეტენციაში რაც იყო, მან თანხმობაა განაცხადა თანამშრომლობაზე. მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და ხელს შევუწყობთ გამოძიებას", - თქვა მარიკაშვილმა. 

გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები ტვ პირველშიც იმყოფებოდნენ. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. მისი განცხადებით, შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ ფაილების გადაცემას სთხოვდა, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია. 

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა