logo
ENG



ფოფხაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე:ერთიანი პასუხისმგებლობა გვაქვს

23 ივნ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 
tobkdy35spflvfm.png

პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდეს ყველა დეპუტატი და ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

ფოფხაძის თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის აუცილებელია ცვლილებების მიღება.

„დღეს არავისთან არაფერი ნიშნის მოსაგები არ არის. არც სამადლობელი არაფერია. გადაწყვეტილება უნდა მოგვეღო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარი გმირი საარჩევნო პროცესის არის საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, პასუხისმგებლობა მასთან მიმართებაში უნდა იყოს. არ შეიძლება ამომრჩეველი იყოს გაურკვევლობაში და არ იცოდეს რა ლოგიკით ხდება ხელისუფლების არჩევა. ასეთი ხელისუფლების ლეგიტიმაციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"ამიტომ, მინდა ჩვენ კოლეგებს ვუთხრა, რომ არ იღებენ პარტიულ გადაწყვეტილებას, რომელიც კარგია ოპოზიციისთვის ან ხელისუფლებისთვის, იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკური კონსესუსია. ჩვენ ერთმანეთის წინაშე და პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. "ქართული ოცნება" არ იყო მართალი, როდესაც ის ცვლილებები ჩავარდა. დღეს ერთიანი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. ამ დარბაზში ყოფნა დღეს ყველა დეპუტატის ვალია. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი ჩვენი ხალხის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს  უყრის. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც. 

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 

 


close დახურვა