logo
ENG



ფრენების აღდგენა ტურიზმში დასაქმებულთათვის გადარჩენის საკითხია - კანდელაკი

27 ივნ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ფრენების გადავადებასთან დაკავშირებით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

კანდელაკის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, მაშინ როდესაც ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

„ევროკავშირს შეჰყავს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ ევროკავშირში და მივიღოთ ტურისტები სხვა ქვეყნებიდან. ეს არის გადარჩენის საკითხი უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტურიზმიდან საზრდოობს. ამ ხალხს მთავრობა ეუბნება, რომ, უბრალოდ, უნდა ჩავიკეტოთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა „ფორმულასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემა "ლე მონდის" ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას სია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, მედიის ცნობით, 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული. ესენია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო და საქართველო. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული გაერთიანება საქართველოს პანდემიის პერიოდში უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს, საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადასწია.  


close დახურვა