logo
ENG



ფხალაძე: შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში დიპლომატიური კორპუსი კონკრეტულ ქმედებებზე გადავა

12 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

დაეკისრებათ თუ არა სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები უპასუხისმგებლოა და საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამას შეიძლება კონკრეტული ნაბიჯებიც მოყვეს. დარგის მკვლევარების თქმით, ყველამ დაინახა რომ საქართველოს სასამართლო სისტემას არავინ ენდობა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელჩებისა და სენატორების წერილებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს მართლმსაჯულებას არ ენდობიან და მათ იციან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები არსებობენ. თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ერთი მხრივ იმედი აქვს, რომ კორონავირუსის გამო საერთაშორისო პარტნიორები სანქციებისთვის ვერ მოიცლიან, მეორე მხრივ კი მიიჩნევენ, რომ ამერიკა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება გადართული.

„გამოიკვეთა ის, რომ მსოფლიოში არავინ ენდობა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, იმიტომ რომ ის მცდელობები რომ გამართო აქციები იმითი, რომ ვერ ჩაერევა მმართველი პარტია სასამართლოს საქმეებში ეს არავის სჯერა. ყველა მშვენივრად ხვდება, რომ სასამართლო ასრულებს მმართველი პარტიის ბრძანებებს. "ოცნებას" აქვს იმედი, რომ ამ კორონავირუსის გადამკიდე ვერავინ მოიცლის სანქციებისთვის და მეორე აქვთ იმედი, რო მთელი ამერიკა გადაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებზე. არამგონია ასე მარტივად ჰქონდეთ საქმე, გადაგდებას არ შეარჩენენ. ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად შეიმუშავეს კომპრომისი“,-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, დიპლომატიური კორპუსი უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავა და ეს ქმედებები შესაძლოა დამრღვევი მხარისთვის მძიმე აღმოჩნდეს. თენგიზ ფხალაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სანქციები კონკრეტულ პირებს დააკისრონ.

„დიპლომატიური კორპუსი ალბათ განცხადებას არ გააკეთებს, გადავა კონკრეტულ ქმედებებზე. რა იქნება კონკრეტული ქმედებები ამის პრგნოზირება ძნელია. შეთანხმების დამრღვევი მხარისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება. პოლიტიკური ძალის მიმართ შეიძლება დამკვიდრდეს არასანდო პარტნიორის დამოკიდებულება. მხარდაჭერის შესუსტება, რომელიც ყველაზე მარტივია, შეიძლება ვიგრძნოთ დღეს ან შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე. ყველაზე მძიმე არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება გამოიხატოს ამა თუ იმ შეზღუდვაში, იქნება ეს პიროვნული თუ სხვა მიმართებით“,-აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ბათუ ქუთელიას თქმით, მმართველმა გუნდმა დიდი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ თავიანთი ქმედებები გადაეფარათ, თუმცა როგორც ქუთელია აცხადებს, ამ შემთხვევაში ვერანაირ ლობისტური კამპანია მათ პოლიტიკურ ანატომიას ვერ გადაფარავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარი არის იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ, არა მარტო ჩვენ დავინახოთ რა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, არამედ ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამაც, რომელმაც რამდენიმე შანსი მისცა ქართულ ოცნებას 20 ივნისიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მუდმივად ამ წითელ ზღვარზე აბიჯებდნენ და ცდილობდნენ ამის გამართლებას. ამაში ფინანასური რესურსიც დახარჯეს, ლობისტებიც დაიქირავეს მაგრამ ჯამში ვერცერთი ლობისტური კაპანია ვერ გადაფარავს რეალურ შინაარს და პოლიტიკურ ანატომიას ქართული ოცნების ძალის“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

კუბილიუსის წერილს წერილითვე უპასუხა პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ევროპარლამენტარის წერილის მიმართ შეშფოთება გამოხატა.

ასევე 10 მაისს თალაკვაძემ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს მოუწოდა დაემტკიცებინათ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა. ასევე თალაკვაძის თქმით, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

გუშინ აშშ-ის საელჩოდა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს.

ფასილიტატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმება ორი პუნქტისგან შედგებოდა. რომლის მიხედვითაც, პირველი, საარჩევნო სისტემის შეცვლას შეეხება, ხოლო მეორე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

 

ფასილიტატორების განცხადებას გამოეხმაურა, ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზიგერიც. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას.

 

 


close დახურვა