ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ხელისუფლების მხრიდან შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. როგორც ქადაგიძემ გადაცემაში განაცხადა, საზოგადოების მხრიდან არსებობს კითხვები, რომელზე პასუხის გაცემა აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული გეგმა დარგების მიმართულებით.
„ორი ტიპის ქვეყნები იარსებებენ. ერთი ტიპის ქვეყნები, ვინც ჩამწკრივდება გრძელ რიგში, დახმარების მიღების მსურველი წამოიღებს ამ ფულს და დაარიგებს ამ თანხებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე. ეს არ არის ეკონომიკური გეგმა, ეს არის სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც ცალკე განსჯის საკითხი უნდა იყოს და იქნება მცირე რიცხვი ქვეყნებისა, რომელიც არა ამ გრძელ რიცხვში დადგება, არამედ დაისახავს ამოცანას, დაპოზიციონირდება, როგორც ქვეყანა, რომელიც უმკლავდება პანდემიის ეკონომიკურ ნაწილს, რომელმაც სწრაფად აღადგინა და აღადგენს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებს და გამარჯვებული გამოვა აქედან. ჩვენი არჩევანია რომელ მხარეს ვიქნებით.
კრედიტი აუცილებლად უნდა გავცეთ ეროვნულ ბანკზე და მთავრობაზე. სავალუტო ფონდთან პროგრამის ოპერატიულობის ნაწილში, რომელმაც უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობის შეგრძნება და მოხსნა რაღაც კითხვის ნიშნები ამ ნაწილზე, იქნება ეს ლარის გაცვლითი კურსი თუ ზოგადად ფინანსური სტაბილურობა, მაგრამ დარგების მიხედვით არის უამრავი კითხვა რომელზეც პასუხები არ არის.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე უნდა არსებობდეს მკაფიო პოზიცია. რამდენი სამუშაო ადგილი იკარგება, როდის მოხდება ამის აღდგენა, როდის დავაბრუნებთ ტურისტებს ქვეყანაში, სამშენებლო სექტორი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს რა მოუვა. ბევრი მთავრობა აკეთებს ამას, რომ პანდემიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ამაში ჩვენი მთავრობა გამონაკლისი არ იქნება, მაგრამ არის კითხვები და ამაზე აუცილებელია პასუხის გაცემა“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსნებთ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს პრეზენტაცია გამართა, სადაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, 1500 ლარამდე ბიზნესებს შეღავათი ექნებათ საშემოსავლო გადასახადში. მისი თქმით, ეს ბიზნესებს დაეხმარება, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები.