„ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, იაპონური მხარის დაინტერესებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბოლო ერთი წელია იაპონელებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბერში ანაკლიაში 20 იაპონური კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რაც მათი მხრიდან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
„ანაკლია სითის“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ იაპონური კომპანიებისთვის საქართველო გაფართოების ადგილი იქნება.
„ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ვმუშაობდით იაპონურ კომპანიასთან. ისინი დავაინტერესეთ, რომ ყოფილიყო ზონის ოპერატორი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის უფრო მარტივად მოიყვანდა იაპონურ და არამარტო იაპონურ კომპანიებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ საერთაშორისო ზონა გამხდარიყო და ყველა კომპანიას თავი კომფორტულად ეგრძნო. უკვე დავიწყეთ აქტიურად კომპანიების ჩართვაც, რათა გადაგვემოწმებინა ჩვენი შესწავლა ნამდვილად მუშაობს თუ არა იაპონურ კომპანიებზე. საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო იაპონური კომპანიების მხრიდან. 20 კომპანია რეალურად 2019 წლის ნოემბერში ადგილზე იყო ჩამოსული, მათ ადგილზე დაათვალიერეს ანაკლია. მათი მხრიდან მაღალი ინტერესია. გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიის მთავრობის გრანტი იყო გამოცემული, ეს პირდაპირ მიანიშნებს იაპონიის მზაობას დაინტერესდეს საქართველოთი. თუ ჩვენ ისევ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს ისინი სტიმულირებას გაუწევენ იაპონურ კომპანიებს, რომ საქართველო თავიანთი გაფართოების ადგილად აირჩიონ“, - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.