logo
ENG



ღარიბაშვილმა სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა

27 მარ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა.

25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა, სწორედ ამას გამოეხმაურა დღეს ღარიბაშვილი და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.

"წარმოიდგინეთ, რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, როემლიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც... ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია?! ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და ეს არაფერს ნიშნავს.

ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს... სააკაშვილმა ასობით ახალგაზრდა ადამიანი ჩახოცა პირდაპირ, მისმა რეჟიმმა. აღძრულიც არის საქმე და რამდენიმე არის დაკავებული. სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი. ის 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.


close დახურვა