საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.
პირველი ნაწილი ღარიბაშვილმა ჰარცელს 2 მაისს გადასცა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.
კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.