logo
ENG



ყაველაშვილი ივანიშვილსა და დეგნანზე: რაზე იქნებოდა საუბარი, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა

27 ივლ 202215:15
3 წუთის საკითხავი
 
ყაველაშვილი ივანიშვილსა და დეგნანზე: რაზე იქნებოდა საუბარი, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის აზრით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა.

ყაველაშვილმა განაცხადა:

"რაზე შეიძლება ესაუბრათ ახლა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანი?.. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი. რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ამ ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ აი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება".

ჟურნალისტმა მას დაზუსტება სთხოვა, მისი აზრით იყო თუ არა ზეწოლა კელი დეგნანის მხრიდან, რაზეც ყაველაშვილმა უპასუხა:

"როცა კელი დეგნანზე და ბიძინა ივანიშვილზე მელაპარაკები, მესამე კაცი ხომ არ არსებობდა და რაზე მელაპარაკები? აუცილებლად სახელი და გვარი უნდა დაგისახელო? როცა კელი დეგნანზე და ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობ და მეუბნებით, კელი დეგნანი? აბა მეორე ვინ არის სხვა?"

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. სწორედ ყაველაშვილი იყო, ვინც ივანიშვილს დეგნანთან შეხვედრაზე შეკითხვა დაუსვა და პასუხის გაცემას ითხოვდა.

წერილში ივანიშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".


close დახურვა