logo
ENG



ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - TASS

16 სექ 202216:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/axeh5xs9eb8jh62.jpg
2021 წელი, 5 მაისი - ყირგიზეთის ძალების დამწვარი ტექნიკა ბატკენის პროვინციაში
Vladimir Pirogov / REUTERS

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვრის მიმდებარედ შეტაკებების დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მედიის ცნობით, ინფორმაცია ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა.

TASS-ის ცნობით, სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელები, საიმუმინ იატიმოვი და კამბიჩეკ ტაშიევი დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

2 ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რამდენიმე წელია, ქვეყნებს შორის კონფლიქტი სადავო საზღვრის გამო არსებობს.

სადავოა ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც ტაჯიკეთის სუგდის პროვინციასა და ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ბატკენის პროვინციებს შორის, მდინარე ისფარაზე მდებარეობს და მასზე პრეტენზიას ორივე მხარე აცხადებს.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დაპირისპირება 2 დღის წინ განახლდა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა.

ყირგიზეთი აცხადებს, რომ თავდასხმების შედეგად 42 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაშავდა და ტაჯიკეთმა იერიში სულ მცირე 10 დასახლებაზე მიიტანა.


close დახურვა