logo
ENG



შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 საათში, ხაჟალიასთან 47 ზარი ფიქსირდება - ის დღეს შსს-ში გამოიკითხა

19 აგვ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ედუარდ ხაჟალია გამოიკითხა. ხაჟალიას დეტალურად გამოკითხვით, გამოძიება მხოლოდ "პოლიტმეტრში" გასული სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა.

ფორმულამ გაარკვია, რომ ვახტანგ ჩიქოვანის სატელეფონო ამონაწერებში შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 საათში, ხაჟალიასთან 47 ზარი ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, დაკითხული მედიასთან არ საუბრობს, მისი დედა კი მომხდარის ღამეს ჩიქოვანთან შვილის კომუნიკაციას ადასტურებს.

ედუარდ ხაჟალიას საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, ხაჟალიას დედამ დღეს ფორმულანიუსს დაუდასტურა, რომ მისი შვილი 18-19 ივნისის ღამეს თავის ახლო მეგობარს რამდენჯერმე ესაუბრა. პირველი ზარი ჩხუბის შემდეგ ხაჟალიასთან ჩიქოვანმა განახორციელა. როგორც ნინო ხაჟალია ამბობს, ზარების შინაარსი მისთვის უცნობია.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი და მისი ოჯახი მეორე დღეა, შიმშილობენ, მამა კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს აანონსებს, ამავე მუხლით დაკავებულების უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ ადვოკატები, ამისთვის მცხეთაში ღამე საგამოძიებო ექპსერიმენტიც ჩატარდა, რომელმაც მოკლულის ნათესავის მტკიცებით, მხოლოდ პროკურატურის ვერსია დაადასტურა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა 10 სექტემბრიდან დაიწყება. თუმცა, უკვე მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზებისა, მასში მონაწილეობისთვის დაკავებული 6 არასრულწოვნის პროცესი, რომელიც მცხეთაში ხვალ 2 საათზე გაგრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს. პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს


close დახურვა