logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე კიდევ 2 მოწმე გამოიკითხა

17 ივლ 202009:06
3 წუთის საკითხავი
clock 630

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გიორგი შაქარაშვილის საქმის 2 ფიგურანტი - ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი გამოიკითხნენ

ორივე ანა გაბეჩავას მეგობარია, რომლის დაბადების დღეზეც იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილი. ნადირაძემ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. მისი უფლებადამცველის თქმით, ნადირაძე განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს. 

რაც შეეხება მარიამ ხატისკაცს, მოწმის განმარტებით ის უწყებაში სოციალურ ქსელში მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს. ამასთან, მისთვის უცნობია ვისგან გაიგო ლიზი ნადირაძემ შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. 

"მე არ დამიპატიჟებია გიორგი შაქარაშვილი. არ ვიცი ვინ დაპატიჟა. გაუჩინარების შესახებ ლიზი ნადირაძისგან გავიგე. არ ვიცი მან კონკრეტულად ვისგან გაიგო. იქ ვინც იყვნენ იმათმა დარეკეს", - განაცხადა მარიამ ხატისკაცმა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 

 


close დახურვა