logo

შაქარაშვილს სიკვდილამდე ახლო პერიოდში დაზიანებები აქვს მიყენებული - ექსპერტიზის დასკვნა

clock 0 clock 1081 clock 10 ივლ 202013:24
uqs74bebm7eu1jm.png

პირველადი სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში ბლაგვი საგნით დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ატარებენ.

"გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა