გადაიტანა თუ არა საქართველოში კოვიდ19 ათასობით ადამიანმა?! - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დღეს საკუთარ ვარაუდს აზუსტებს და აღნიშნავს, რომ გამოკვლეული 1000 ჯანმრთელი ადამიანიდან სწრაფი ტესტით კორონავირუსის ანტისხეულების მატარებელი 0,6 პროცენტია. ეს დაახლოებით 30 000 ადამიანია.
„ეს ნიშნავს რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ აქვთ ანტისხეულები. ვიმეორებ 1000 გამოკვლეული ადამიანიდან, ჩვენ სწრაფი მარტივით გავაკეთეთ, იმუნოგლობინი G ანტისხეულები აღმოაჩნდა 6 ადამიანს. ეს არის დაახლოებით 0,6 პროცენტი გამოკვლეულების, ეს შედეგები მუშავდება“, - განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციონისტებს სავარაუდო ინფიცირებულთა რაოდენობის დასახელება უჭირთ, თუმცა მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელება მასშტაბური არ ყოფილა. ინფექციონისტი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დეკემბერშიც ყოფილიყო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პლაქვენილი - კორონავირუსის სამკურნალო ძირითადი პრეპარატი საქართველოში, რომლის გამოყენებითაც ქართველი ექიმები ამაყობდნენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სახიფათოდ მიიჩნია და კვლევიდან ამოიღო. ინფექციური სააავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე პლაქველინი საქართველოშიც აკრძალეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი რისკებზეც საუბრობს,რომელიც სავარაუდოდ მისი აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტურიზმის აღდგენას მოჰყვება. ინფიცირებულთა მატებას პროგნოზირებენ ჯანდაცვის ექსპერტები.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, 3 თვე გავიდა, ამ დრომდე კი არცერთი ოფიციალური კვლევის შედეგი, თუ რა მასშტაბის იყო რეალურად კორონავირუსის გავრცელება, ცნობილი არ არის. სხვა ქვეყნები, სადაც ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა იუწყებიან, რომ რეალურად ვირუსი ბევრად მეტმა ადამიანმა გადაიტანა.