logo
ENG



ცისკარიშვილი: აუცილებელია, დავით ხიდაშელის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესდეს სანქციები

25 აპრ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს. ამით ის ბრიფინგზე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის. 

"აუცილებელია, როგორც დავით ხიდაშელზე, ისე ბიძინა ივანიშვილზე, ამ ქართული ეთნიკური წარმოშობის მაგრამ შინაარსით რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესდეს სანქციები იმისათვის, რომ მთლიანად საქართველო არ აღმოვჩნდეთ მეტ სირთულეში.

ჩვენ ვხედავთ ჩვენს თვალწინ, როგორ ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები, გადანაწილება, უკვე ეშვება და მომავალში უფრო ჩამოეშვება რკინის ფარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ არ გვინდა, ამ რამდენიმე ადამიანის გამდიდრების გამო საქართველო აღმოჩნდეს ბნელ მხარეს", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. 

აუდიომასალა YouTube არხზე გავრცელდა, რომლის სახელწოდებაა "კიბერ კმარა." 

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ასევე, ახსენებენ ვინმე დავითს, რომელიც, სავარაუდოდ, კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი დავით ხიდაშელია. იგი რუსეთში ყოფნისას რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია "სისტემას" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ევტუშენკოვია.


close დახურვა