პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მესამე სექტორისა და ტელევიზიების წარმომადგენლების შემდეგ, ტელეკომუნიკაციების ბიზნესის წარმომადგენლებიც ღიად დაუპირისპირდნენ.
მათი თქმით, მას შემდეგ რაც ბექაურმა თანამდებობა დაიკავა, საქართველოს უცხოური ბიზნესი ტოვებს და კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა კახა ბექაურს უზურპატორიც უწოდა. სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
სხდომაზე პირველად ერთმანეთს კახა ბექაური და ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დაუპირისპირდნენ. ბექაურმა ჯანგირაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მედიის მფლობელმა ბექაურს "უზრდელი" და "თავხედი" უწოდა.
„უნდა მოვიცალო და თქვენი ტყუილების რეესტრი უნდა გავაკეთო. როგორ ბედავთ?! თავს კონტროლი გაუწიეთ და პატივი ეცით თქვენს თანამდებობას. თავხედი ხართ. ისიც არ იცით რისთვის ზიხართ მაგ თანამდებობაზე. წესიერად ილაპარაკე, ციხეში არ დაამთავრო საქმე. ნუ გაბლატავდი, უზრდელო", - მიმართა ჯანგირაშვილმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს.
თავის მხრივ ბექაურმა აღნიშნა, რომ ის ჯანგირაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ტყუილებს ადრეც ისმენდა.
"შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ. ბევრ თქვენს ტყუილს ვისმენდი. ტყუილების თქმის უფლება მერეც გექნებათ", - უპასუხა ბექაურმა.
აღსანიშნავია, რომ ბექაურს ინტერნეტ პროვაიდერებიც დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, თუ კანონპროექტს მიიღებენ, ქვეყანა ბევრ ინვესტორს დაკარგავს.
ცნობისთვის, კანონპროექტის კენჭისყრა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა ხვალ პარლამენტში დაზუსტებებისთვის კიდე ერთი შეხვედრა გაიმართება, ხოლო კენჭს საკანონმდებლო ორგანო ხსენებულ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ორშაბათს უყრის.
შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.
კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.