"მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან", - ასე ეხმიანება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი facebook-ზე ივანე ბურდულის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამდებობა დატოვა. "მშვიდობით, ცესკო" - დაწერა ბურდულმა facebook-ზე და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
ბურდულმა მოგვიანებით გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბებით ახსნა.
ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა. მთავარ არხთან საუბარში ის აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება:
"მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგ მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი კომისიაში არ არის", - ამბობს ბურდული.
წამყვანის კითხვაზე, თუ ვისგან მიდის [გაყალბების] ინსტრუქციები, იგი პასუხობს, რომ კონკრეტულ პირებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა "ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს".