logo
ENG



წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 103 ადამიანია მოთავსებული

16 მარ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.

მოქალაქეების უმეტესობა სანატორიუმში აეროპორტიდან გადაიყვანეს, რამდენიმე კი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო. ისინი სანატორიუმს ორ კვირაში დატოვებენ.

გარდა ამისა, ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო საირმეში. სასტუმროში წუხელ მარსელის რეისით ჩამოსული 35 მოქალაქე შეიყვანეს. მათ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღმოაჩნდათ, თუმცა დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

„წყალტუბოში დილის მონაცემებით გვყავს 103 ადამიანი. გუშინ საღამოს ასევე დაიტვირთა კურორტ საირმის საკარანტინო სივრცე, სადაც მოხდა განთავსება ღამით 35 ბენეფიციარის, რომლებიც საფრანგეთის რეისით ჩამოვიდნენ საქართველოში, ხოლო დილის საათებში დამატებით შევიდა ბრიუსელის რეისით 9 ბენეფიციარი. ამჟამად იმყოფება 44 ადამიანი. თვითიზოლაციაში სულ 216 ადამიანია იმერეთის რეგიონში. ყველა ამ პიროვნებაზე ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. ასევე, სამ დღეში ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ეპიდემიოლოგები ადგილზე ვიზიტითაც ამონიტორინგებენ“, - განაცხადა გოჩა გიორგიძემ

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი, 54.


close დახურვა