logo
ENG



ხვალიდან, 3 ქალაქის გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

31 იან 202113:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/31/dua1lf1bay47av0.jpg

1 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესის განახლების შემდეგ, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას კვლავ შეძლებენ.

აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.Online.emis.ge.

სამინისტროს ცნობით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, უწყებაში ამბობენ, რომ ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

"სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია", - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

გასულ კვირას თბილისში მცხოვრები ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს და მოითხოვეს გეგმა, როგორ აპირებს ხელისუფლება ბავშვების და მშობლების ინტერესების გათვალისწინებას.

ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქება განიხილება.


close დახურვა