logo
ENG



ხვალიდან მთავრობა, პრემიერი და პრეზიდენტი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს - გოცირიძე

21 მაი 202016:49
3 წუთის საკითხავი
 
udsyzz51tsjt5ya.jpg

„ხვალიდან სამართლებრივად შეიძლება იმპიჩმენტის გამოცხადება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისათვის, ასევე პრეზიდენტისათვის, როდესაც იგი მოაწერს ხელს ამ კანონს“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შეზღუდვებთან დაკავშირებით მმართველის გუნდის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატმა დოკუმენტის არაკონსტიტუციურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„საქართველოს კონსტიტუციით ეპიდემიის შემთხვევაში უდნა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თქვენ ეპიდემიისთვის აუცილებელ შეზღუდვებს ხვალიდან აწესებთ საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტი იმისა, რომ ხვალინდელი თქვენი აქტი არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო მისი გამომცემი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს. კარგად დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ ამ კანონის გამო ცხვირის წამტვრევა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

შეგახსენებთ, პარლამენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.


close დახურვა