logo
ENG



ხოშტარია: პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია, დრამატული არაფერი არ ხდება

07 ნოე 202114:28
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ სისუსტე აქვს, თუმცა "დრამატული არაფერი ხდება". მისივე ცნობით, დღეს დილით მისთვის სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ, ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოშიმშილე გადასხმის გაკეთებაზე უარს აცხადებს. მანვე თქვა, რომ პაციენტს სისუსტე აქვს, რაც ნორმალურია შიმშილობის მე-5 დღეს. 

"შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხვა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა", - უთხრა ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების ექიმმა ნონა ბეკტაშევამ. 

ელენე ხოშტარია მე-5 დღეა, პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.


close დახურვა