logo
ENG



ხოჯევანიშვილი კობახიძეზე: ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ, შინაარსობრივი პოლემიკა საჭირო არაა

15 ივნ 202114:03
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ მათ პარტიას ზიანი მიაყენოს.

ხოჯევანიშვილი ამით ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია.

"მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს როგორმე ზიანი მოგვაყენოს და მე არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონვე უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. თანავუგრძნობ ქართულ ოცნებაში იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არიან დარჩენილი ამ გუნდში და ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა", - ამბობს ხოჯევანიშვილი.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ღამის სპეცოპერაცია გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის მიერ არასწორად იყო დაგეგმილი. ხოჯევანიშვილის თქმით, "20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდებოდა შეტევა, რაც სახელმწიფომ აღკვეთა".

გუშინ, 14 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში გიორგი გახარიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დროს მიხეილ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მოტივი ჰქონოდა.

ამასთან, მან 20 ივნისთან დაკავშირებით გახარია გააკრიტიკა და თქვა, რომ სპეცოპერაცია გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის მიერ არასწორად იყო დაგეგმილი და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენდა პარტიაშიც.

მისივე თქმით, გახარიას გარკვეული ქმედებები აჩენდა ეჭვებს, რომ ის, შესაძლოა, ყოფილიყო გავლენების ქვეშ.

 

 


close დახურვა