logo
ENG



ხუხაშვილი ოცნების გადაწყვეტილებაზე: შეეშინდათ ძალაუფლების დაკარგვის

28 ივლ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება "ძალაუფლების დაკარგვის შიშმა" განაპირობა.

როგორც მან გადაცემა კომენტარში აღნიშნა, ოცნებამ დაინახა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი მხარდაჭერის მიღება პრობლემური იყო და "გააკეთა ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია".

"შეეშინდათ ძალაუფლების დაკარგვის. მათი ყველა ქმედება ამოდის აქედან. მათ ხომ არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები, არანაირი ზრუნვის ამოცანები, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს. მათი ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. დაინახეს, რომ ეს 43%-იანი ბარიერი პრობლემა იყო, კვლევები ჩაატარეს და ამის საფუძველზე გააკეთეს ის, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერში ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას "ლომისი წილი მიუძღვის", რადგან მან მმართველი გუნდიდან ელექტორატის დიდი ნაწილი წაიყვანა.

"ამ ისტორიაში ლომის წილი მიუძღვის გახარიას. ქართულ ოცნებას ჰქონდა გარკვეული სამობილიზაციო ელექტორატის იმედი, ამ ანტიმიშას ისტორიასთან და შუას გაკრეფასთან დაკავშირებით, მაგრამ გახარიას ვერაფერი მოუხერხეს. გახარიამ წაიყვანა შეიძლება ითქვას მათი ელექტორატის დიდი ნაწილი და ამის შემდეგ საერთოდ კატასტროფაში აღმოჩნდნენ", - თქვა გია ხუხაშვილმა.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და "სხვადასხვა პირობაზე" იქნება დამოკიდებული.


close დახურვა