logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზაში 256 პალესტინელი ემსხვერპლა

08 ოქტ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/08/34cruefqqnvixmi.jpg
Mohammed Salem/Reuters

ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა - უწყების ცნობით, მათგან 20 ბავშვია.

ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 1 788 პალესტინელი, მათ შორის 121 ბავშვი.

რაც შეეხება ისრაელს, ოფიციალური პირების განცხადებით, ჰამასის თავდასხმისას დაშავდა 1 800-ზე მეტი ადამიანი - კერძოდ, კვირა დილის მონაცემებით, 1 864 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათგან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 326-ს მძიმე დაზიანებები აქვს. გუშინ ღამის მონაცემებით კი, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 250-ს აჭარბებს.

გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა