logo

ჯაფარიძე: საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ენმ შემოვიდეს პარლამენტში

28 აპრ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock 176

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი ინიციატივა, პარლამენტში შეიქმნას 20 ივნისზე საგამოძიებო კომისია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გაიზიარეს.

დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ თქვა, რომ გეგმავენ ამნისტიის კანონის თავიანთი ვერსია დაარეგისტრირონ და პარალელურად, იმუშავონ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მანვე დააზუსტა, რომ ამისთვის ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან და ენმ შევიდეს პარლამენტში. 

"აუცილებელია, შემოვიდეს პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რათა შეივსოს და გავხდეთ 50 დეპუტატი და შევძლოთ საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება. 

ჩვენ, ახლა ვაკეთებთ ინიცირებას კანონპროექტის, რაც არის შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნა. ამის შემდეგ, შეგვიძლია, საგამოძიებო კომისიის შექმნა და ზედმიწევნით გამოვიკვლიოთ 19-21 ივნისის მოვლენები, რათა არ არსებობდეს რაიმე კითხვის ნიშნები ამაზე. პარალელურად, გაგრძელდება ამნისტიის კანონის განხილვა. 

ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება, ნიკა მელია გამოვიდეს ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გირაოს მექანიზმით, შემოვიდეს ენმ პარლამენტში, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გამოვიძიოთ ეს მოვლენები, ჩართული იყოს საზოგადოება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - თქვა ჯაფარიძემ. 

ბადრი ჯაფარიძის თქმითვე, ამნისტიის კანონის ოპოზიციისეული ვერსია რამდენიმე ჩამკეტს გულისხმობს, რაც არაა ასახული ქართული ოცნების ვერსიაში:

"ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიცაა დაზარალებულის თანხმობა, ასევე, გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე, გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მომიტინგეებისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში, ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არცერთ შემთხვევაში არ გავრცელდეს".

გუშინ, 27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციონერ შალვა შავგულიძის თქმითხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, დღეს ამნისტიის თაობაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.

 

close დახურვა