logo
ENG



ჯაფარიძის თქმით, შეთანხმების შესრულებას კრამონი, კუბილიუსი და იუკნევიჩიენე გააკონტროლებენ

22 აპრ 202118:39
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძის თქმით, შეთანხმების შესრულებას კრამონი, კუბილიუსი და იუკნევიჩიენე გააკონტროლებენ

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში არსებული პუნქტების განხორცელებას ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე გააკონტროლებენ. ჯაფარიძემ ამის შესახებ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფი კიდევ გაფართოვდება. 

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ევროკავშირისთვის ამ ხელშეკრულების განხორციელება მნიშვნელოვანი საკითხია და მათი მხრიდან ამ პროცესში სრული ჩართულობა იქნება.

"შეიძლება ეს იყოს მეტი, ვიდრე ხუთი კაცი. ვიოლა ფონ კრამონმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იყოს მუდმივად ორიენტირებული და ჩართული ამ პროცესში, რაც შეეხება ხელშეკრულების განხორციელებას. ბატონი კუბილიუსი, ქალბატონი რასა და ასევე სხვებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპარლამენტისთვის და ევროკავშირისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად განხორციელდეს. ამიტომ, მათი მხრიდან იქნება სრული ჩართულობა", - ამბობს ჯაფარიძე.~

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ, 21 აპრილს გაემგზავრნენ. 

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შარლ მიშელის 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ 5- პუნქტიან წაიკითხეთ აქ.


close დახურვა