logo
ENG



ჯიმ რიში: ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს თავის ადგილს საქართველოს პარლამენტში

12 მაი 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ქართულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და იქ გააგრძელონ მუშაობა. 

მან ტვიტერზე დაწერა:

"მოხარული ვარ, რომ ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა - შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმებით დადებული პირობა. ახლა ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დაიკავებს თავის ადგილს საქართველოს პარლამენტში და ერთად იმუშავებს". 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობს. 

ენმ-ის წევრების ნაწილი მომხრეა, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. 

მეორე ნაწილი კი როგორც შეთნხმების ხელმოწერას, ისე პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათ არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს. 

შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს 19 აპრილს ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევიდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 

თუმცა, მმართველი გუნდი გეგმავს, მიიღოს ცვლილებები ამნისტიის შესახებ კანონში, რომლის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის კანონში შესატანი ცვლილებების ოპოზიციის ვარიანტიც


close დახურვა