წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათიის პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი, ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატების მომართვის საფუძველზე შეიქმნება კვალიფიციურ ექსპერტთა კომისია, რომელიც შეისწავლის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჯიშკარიანის თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჯგუფი.
ის ასევე არ გამორიცხავს უცხოელი ექსპერტების ჩართულობასაც. კომისიის შემადგენლობა შეთანმხებული იქნება მიმართვის მხარესთან.
„რა თქმა უნდა ცენტრი ემპათია მზადაა ჩაატაროს ექსპერტიზა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტებით როგორც უფლებრივ შეფასებას, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, გასცემს რეკომენდაციებს და შემდგომში განვახორციელებთ მონიტორინგს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ფორმულასთან ინტერვიუში.
ჯიშკარიანი თქმით, ცენტრი ემპათია მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ადასტურებს, რომ უფლებრივი დარღვევების გარდა მკაფიოა არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ნიშნებიც, რაც ევროპული კონვენციის მიხედვით წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებული დარღვევაა. ცენტრის დირექტორი სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, ემპათიასთან თანამშრომლობით მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 39-ე წესის გამოყენებისთვის, რაც გადაუდებელ ზომებს გულისხმობს.
მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არსებული კონსილიუმის დასკვნა, მათ ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ, რაც წერილობითი დოკუმენტის სახით იუსტიციის მინისტრს დღემდე არ წარმოუდგენია. სახალხო დამცველის დასკვნაში კი საუბარია ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი, შეიძლება განიხილებოდეს უფლებამოსილების გადაჭარბებად.
ჯიშკარიანმა ასევე განაცხადა, რომ ემპათიისთვის ცნობილია, რომ N18 ციხის საავამდყოფო მნიშვნელოვანი დარღვევებით ფუქციონირებს და დაწესებულებას არ უნდა ჰქონდეს სამედიცინო ლიცენზია. აქ სანიტრების მოვალეობას პატიმრები ასრულებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელია. შესაბამისად, ჯიშკარიანისთვის გაუგებარია ამ დაწესებულების რაიმე სამედიცინო სტანდარტთან შესაბამისობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.
„ამ დაწესებულებას აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. ჩემთვის გაუგებარია რატომ აქვს მას საერთოდ რაიმე სახის ლიცენზია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დაწესებულებას არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი და გარდა მაღალი (ექიმები) და საშუალო (ექთნები) პერსონალისა არ ჰყავს ასე ვთქვათ, დაბალი სამედიცინო პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია ავადმყოფის მოვლაზე. ე.წ სანიტრები ამ დაწესებულებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საერთოდ არ გააჩნია და ამ მოვალეობას ასრულებენ პატიმრები, რაც საერთაშორისო სტანდარტით არის ყოვლად დაუშვებელი. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული, როცა ეს დაწესებულება აი ამხელა დარღვევით ფუნქციონირებს სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც კი" - აცხადებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათიის პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, ალტერნატიული კონსილიუმის შექმნაზე ისაუბრა. მან ორგანიზაცია ემპათიის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.
ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.