ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. დაშავებულია 2048 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ამასთან, დღეს ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციელმა გახსნა და ის ახლა დაკავებულია.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. დაშავებულია 1 ადამიანი.