logo
ENG



ჰარცელი: გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ

30 მაი 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. სწორედ ამ შეფასების შემდეგ დაიწყება დისკუსია, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. 

"კომისიის შეფასება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირას მოხდეს, რის შემდეგაც იქნება განხილვა წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილების გარშემო. არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, უფრო მეტი, ვიდრე იმედი გვქონდა, პირობებით თუ მათ გარეშე. არსებობს ერთი პრინციპული დასკვნა.  საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე და მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს. პოლიტიკოსების სიძლიერე ამ ძალისხმევაში არის ის, რომ ეფუძნება მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ მიზანს". - თქვა კარლ ჰარცელმა. 

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

"ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ". - თქვა ელჩმა. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადაეცა. 

მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის არის შემდეგი: 

  • შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა; 
  • ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები; 
  • ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
  • პროკურორის არჩევითობა; 
  • დიპლომატების ფარული მიყურადება. 

სამიტი, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება, ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება. 


close დახურვა