logo
ENG



ჰარცელი საარჩევნო კანონზე: სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება

03 ივლ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
o2x3l5erbfucjuq.jpeg

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ჰარცელის თქმით, მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად. 

„მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას.

სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ჰარცელმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი  94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1 დეპუტატი - ალექსანდრე ერქვანია, წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

ცვლილებათა პაკეტის მიღებას ამერიკის საელჩოც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა