logo
ENG



აშშ-ს საელჩო: საარჩევნო პაკეტი შეიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზებიც

02 ივლ 202021:18
3 წუთის საკითხავი
 
doytj0givz60vfk.jpg

ამერიკის საელჩო ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

„მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

თუმცა, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე.

დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი  94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1 დეპუტატი - ალექსანდრე ერქვანია, წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა