logo
ENG



ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს "გრძელვადიანი მშვიდობისთვის" ერთად მუშაობას სთავაზობს

26 ოქტ 202313:16
3 წუთის საკითხავი
clock 400

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს "სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარებაზე ისაუბრა და სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრებს საკითხზე ერთად მუშაობა შესთავაზა.

ღარიბაშვილის თქმით, "მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, საქართველო მზადაა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად იმუშაოს, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში". 

"დღეს მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში 26-27 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება, რომელზე დასასწრებადაც საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები - ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი ჩამოვიდნენ.

ფორუმის თემა არის "დღევანდელი დაკავშირებულობა - ხვალინდელი მდგრადობისთვის". განიხილავენ შუა დერეფნის მზარდ როლს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალ არქიტექტურასა და ტურიზმის მდგრადობას.

ამასთან, ფორუმის მთავარი თემა ელექტრონული კომერციის და ციფრული კავშირების გაღრმავება, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკაა.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.


close დახურვა